2021 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის კათედრის ორგანიზებით ელექტრონული ფორმატით გაიმართა თურქოლოგიური სემინარი თემაზე: „ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი".
ღონისძიების პარტნიორები იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.
სემინარს ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე, მრჩეველი განათლების დარგში იუქსელ ქარა, აკადემიური წრის წარმომადგენლები აღნიშნული უნივერსიტეტებიდან და სტუდენტები.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ დასახული მიზნები, გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.
სემინარის დასასრულს, საორგანიზაციო კომიტეტმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა შემაჯამებელი დადგენილება, რომელიც მომზადდა სექციურ მუშაობასა და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული ინიციატივებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
აღნიშნული სემინარი, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ თურქოლოგიაში, გაშუქდა პრესაშიც.
.jpg)
.jpg)