თურქოლოგიური სკოლა საქართველოში

თურქოლოგია საქართველოში მრავალწლიანი ტრადიციის მქონე სამეცნიერო  დარგია, რომელიც ჩამოყალიბდა XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ. დარგის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა აკადემიკოსმა სერგი ჯიქიამ, რომელიც აღიარებულია როგორც ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი.  სწორედ მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქოლოგიის კათედრის დაარსება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 1945-1973 წლებში. 

აკადემიკოს სერგი ჯიქიასა და მისი მოწაფეების ძალისხმევით საქართველოში ჩამოყალიბდა თურქოლოგიური სკოლის ტრადიცია. შეიქმნა თურქული ენის სწავლების ინსტიტუციური ბაზა და გაღრმავდა თურქოლოგიური კვლევები სხვადასხვა მიმართულებებით. თურქულოგ მეცნიერთა კვლევები მოიცავდა: თურქული ენისა და დიალექტების ლინგვისტურ ანალიზს, ოსმალური არქივების შესწავლას, თურქული ლიტერატურის შესწავლას, ქართულ-თურქული ისტორიულ-კულტურული კავშირების შესწავლას და სხვ.

ღვაწლმოსილ თურქოლოგ მეცნიერთა შრომები დღესაც აქტუალურია რეგიონული ურთიერთობებისა და ენობრივი კავშირების კვლევებისთვის.

თურქოლოგია დღეს

დღეს თურქოლოგიის მიმართულებით სწავლება და კვლევა მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არაერთ უმაღლეს სასწავლებელში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ახალგაზრდებს სთავაზობს თურქოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია ინოვაციური მეთოდოლოგიით. სტუდენტები ეუფლებიან როგორც თანამედროვე თურქულ ენას, ისე ოსმალურის საფუძვლებს, ლიტერატურას, მუშაობენ ისტორიულ წყაროებზე და ითვისებენ მთარგმნელობით ხელოვნებას.

თურქოლოგია საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო დონის სამეცნიერო დარგს, რომელიც იკვლევს:

  • ქართულ-თურქულ ენობრივ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებს,
  • ოსმალურ წყაროებს,
  • თანამედროვე თურქეთის სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს,
  • თურქული ენის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს.

ქართველი თურქოლოგები წარმატებით თანამშრომლობენ თურქეთისა და სხვა ქვეყნების აკადემიურ წრეებთან. ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, კვლევითი პროექტები, სემინარები, ეწყობა საზაფხულო სკოლები, რაც უზრუნველყოფს დარგის აქტუალურობასა და შემდგომ განვითარებას. თანამედროვე პროგრამები თურქოლოგიაში ახალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმავონ ცოდნა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენისა და კულტურის შესახებ.